იუვენტუსის დირექტორი: "დღესდღეობით, ბევრი ფეხბურთელი თავისი აგენტის ერთგული უფროა, ვიდრე კლუბის"
"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ კლუბიდან თავდამსხმელ პაულო დიბალასა და მცველ მატეის დე ლიგტის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.
არგენტინელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ხოლო ჰოლანდიელის კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი, თუმცა მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ აქამდე თქვა, რომ ფეხბურთელი მომდევნო ნაბიჯისთვის მზად არის.
"პირდაპირ ლაპარაკს ვარ მიჩვეული. დღესდღეობით, ბევრი ფეხბურთელი თავისი აგენტის ერთგული უფროა, ვიდრე კლუბის".
"დიბალა "იუვენტუსის" "ათიანია", დე ლიგტი კი ბრწყინვალე მცველი. მათ თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ჩვენ ჩვენი. მაგრამ კარგი ურთიერთგაგება გვაქვს".
"ძალიან მარტივია იმაზე საუბარი, თუ რამდენად აფასებ კლუბს, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დაამტკიცო. გვინდა, რომ მათ სწორედ ეს გააკეთონ", - განუცხადა არივაბენემ DAZN-ს.