დემბელემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო — ფრანგული მედია
დიდი ალბათობით, "ბარსელონას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე კატალონიურ გრანდში დარჩება.
როგორც გამოცემა Foot Mercato იტყობინება, 24 წლის ფრანგი "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა. ხელშეკრულების პირობები ჯერ არ შეუთანხმებია, მაგრამ წასვლას კატეგორიულად არ აპირებს.
"ბლაუგრანამ" ფეხბურთელს აცნობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად 2022 წლის დასაწყისამდე უნდა მიეღო. კატალონიელები მზად არიან უსმანს მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, რათა გარკვეული თავისუფლება მისცენ.
დემბელე "ბარსას" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, სადაც "დორტმუნდიდან" 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 2022 წლის 30 ივნისამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.