ბარსა და სიტი შეთანხმდნენ — ფერანის ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება?
"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ფერან ტორესი კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს არის.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, კლუბები 21 წლის გარემარბის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები სრულდება. შესაძლოა ტრანსფერი უახლოეს საათებში გააოფიციალურონ.
ფერანი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსას" პირველი შენაძენი გახდება. აღინიშნება, რომ სატრანსფერო ფასი იმ 45 მილიონ ევროსთან უფრო ახლოს არის, რომელსაც კატალონიელები თავდაპირველად იხდიდნენ, ვიდრე 75 მილიონთან, რასაც მანჩესტერელები ითხოვდნენ.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი "სიტის" ღირსებას 2020 წლის აგვისტოდან იცავს, გუნდს იგი "ვალენსიადან" შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ფერან ტორესმა "ქალაქელთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.