სიტიმ მოთხოვნები ოდნავ შეამცირა, ბარსამ შეთავაზება გაზარდა — ფერანის ტრანსფერი ახლოვდება?
"ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" შემტევი ნახევარმცველის, ფერან ტორესის ტრანსფერზე მოლაპარაკებების გამართვას აგრძელებენ.
დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად, მანჩესტერულმა კლუბმა ფინანსური მოთხოვნები ოდნავ შეამცირა.
თუ აქამდე "ქალაქელები" ესპანელში 70 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ახლა მზად არიან იგი 60 მილიონად გაყიდონ. თავის მხრივ, "ბარსამ" თავისი შეთავაზება 45 მილიონამდე გაზარდა, წერს Diario Sport.
იმ შეთხვევაში, თუ ბონუსების დახმარებით თანხა, რომელსაც "სიტი" ფერანის სანაცვლოდ მიიღებს, 60 მილიონს მიაღწევს, ტრანსფერი დაიხურება. მაგრამ ჯერჯერობით კლუბები ბონუსების ფორმატზე ვერ თანხმდებიან: "ბარსა" დამატებით 15 მილიონს ჩამოდის, რაც კლუბში ფერანის ასპარეზობის ხარისხსა და მოგებული ტიტულების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. "სიტის" კი სურს, რომ ბონუსის მისაღებად საჭირო მიზნები ადვილად მისაღწევი იყოს.
კიდევ ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გაჩნდა, გადახდის ფორმატია. მანჩესტერელებს უნდათ, რომ პირველი გადახდა დიდი იყოს, რადგან ეს კლუბს პოტენციური ახალწვეულების მოსაძებნად ბაზარზე პირდაპირ გასვლის საშუალებას მისცემს. "ბარსას" უფრო ხელსაყრელ პირობებზე სურს შეთანხმება.
კატალონიური გრანდი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი და უნდა, რომ ტორესის ტრანსფერი წარმატებით დაიხუროს.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ესპანელმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.