ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ჰოლანდის ტრანსფერი ბარსელონაში? ლაპორტას რეკომენდაცია უკვე მივეცი"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ჰოლანდის ტრანსფერი ბარსელონაში? ლაპორტას რეკომენდაცია უკვე მივეცი"
თარიღი 22 Dec 2021, 19:05

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განმარტა, თუ რა უნდა გააკეთოს "ბარსელონამ" "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩასაგდებად.

"ლაპორტა რომ ვიყო... თუმცა, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს, ვუთხარი. რეკომენდაცია მივეცი. იცის, ბევრი მუშაობა მოუწევს. "ბარსელონასთვის" ყველაფერი რთულადაა", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Diario Sport-ი.

"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "ბარსელონას" ძალიან მაღალი სახელფასო ფონდი აქვს, პირველ რიგში, გასულ ფინანსურ წელს 487 მილიონ ევროიანი ზარალის შედეგად. სახელფასო ფონდის თვალსაზრისით, ეს მათ ძალიან ზღუდავს. ასეთ სიტუაციაში კლუბს 1/4 წესით უწევს მუშაობა".

"ამ წესის ფარგლებში, ეს ყველაფერი იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, ვინც შეიძლება წავიდეს. მაგალითად, თუ კოუტინიო და უმტიტი წავლენ - რა თქმა უნდა, კლუბი ახალი მოთამაშის დამატებას მოახერხებს".

"ჰოლანდის შემთხვევაში, "ბარსას" ეს წესი ვერ დაეხმარება. ყველამ ვიცით, რამხელა ხელფასს ითხოვს და რამდენის მიღება უნდა "დორტმუნდს". 1/4 წესი არ იმუშავებს. ასეთ შემთხვევაში, "ბარსამ" პრაქტიკულად ყველა დანაკარგი უნდა აინაზღაუროს. ეს კი ძალიან რთულია, რადგან საუბარია თითქმის 500 მილიონ ევროზე", - დასძინა ტებასმა.