ბარსელონადან წასვლა ახლოვდება — კოუტინიოს შეძენა ინტერსა და პრემიერ ლიგის 3 კლუბს სურს
"ბარსელონას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა კატალონიური გრანდის რიგები დატოვოს.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სურთ, რომ 29 წლის ბრაზილიელმა გუნდი რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს.
გავრცელებული ინფორმაციით, კოუტინიოს გადაბირების შესაძლებლობას "ინტერი" და პრემიერ ლიგის სამი კლუბი განიხილავს.
აქამდე დაიწერა, რომ "ბარსას" ფეხბურთელისადმი ინტერესს "ლივერპული" და "ნიუკასლი" იჩენენ, ახლა კი პრეტენდენტთა შორის "ევერტონიცაა". ფილის აგენტებს რაფაელ ბენიტესის კლუბის წარმომადგენლებთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ.
მიმდინარე სეზონში კოუტინიომ, რომელიც "ბლაუგრანას" ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს, ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.