ავტორიზაცია

რანგნიკი მატიჩის შემცვლელს ეძებს და ორი ნახევარმცველი მოსწონს — ვის იყიდის მანჩესტერი?

რანგნიკი მატიჩის შემცვლელს ეძებს და ორი ნახევარმცველი მოსწონს — ვის იყიდის მანჩესტერი?
თარიღი 23 დეკ 2021, 22:40

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი ნახევარდაცვის ხაზის განახლებას გეგმავს.

გერმანელ სპეციალისტს ნემანია მატიჩის შემცვლელად მაღალი ნახევარმცველის ყიდვა უნდა, წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი.

ცნობისთვის, 33 წლის სერბ შუახაზელს "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, რანგნიკს დეკლან რაისი ("ვესტ ჰემი") და ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი") მოსწონს.

მიმდინარე სეზონში რაისმა, რომლის სიმაღლეც 185 სანტიმეტრია, "ჩაქუჩების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა, ხოლო 186-სანტიმეტრიანმა ბელინგემმა ბორუსიელთა ღირსება 24 შეხვედრაში დაიცვა, 3 ბურთი შეაგდო და 9 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.