იუვენტუსსა და დიბალას შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერებულია
"იუვენტუსსა" და თავდამსხმელ პაულო დიბალას შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებში სირთულეები წარმოიშვა.
როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია. ხორხე ანტუნი, ფეხბურთელის ინტერესების წარმომადგენელი, არგენტინაში დაბრუნდა, ტურინში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ. მხარეები არ შეთანხმებულან. სავარაუდოდ, იტალიაში ანტუნის შემდგომი ვიზიტი იანვრის დასაწყისში შედგება.
დიბალა "იუვესთან" კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივებასთან იყო ახლოს. სუფთა წლიური ხელფასი - 8,5 მილიონი ევრო. ინდივიდუალური (გოლები, ჩატარებული მატჩების რაოდენობა) და გუნდური (ტიტულები, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა) მიზნების მიღწევის შემთხვევაში 1,5-მილიონიანი ბონუსით.
თუ დიბალასთან ერთად "იუვენტუსი" ორი სეზონის განმავლობაში კონტრაქტში გათვალისწინებულ მიზნებს მიაღწევდა, მაშინ ბონუსები ხელფასის ფიქსირებული ნაწილი გახდებოდა და პაულო ხელშეკრულების ამოწურვამდე ყოველ წელს 10 მილიონს მიიღებდა.
28 წლის სუპერვარსკვლავს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად "იუვეს" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.