"საშინელი, უბრალოდ საშინელი მომენტი იყო", - კიაერმა ევრო 2020-ზე ერიქსენის ინციდენტი გაიხსენა
"მილანისა" და დანიის ნაკრების მცველმა, სიმონ კიაერმა გაიხსენა, თუ როგორ დაეხმარა ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს სიცოცხლის გადარჩენაში.
მოგეხსენებათ, 29 წლის ფეხბურთელს, რომელსაც ცოტა ხნის წინ "ინტერმა" კონტრაქტი გაუწყვიტა, ევრო 2020-ის ეგიდით ფინეთთან (0:1) გამართული მატჩის მიმდინარეობისას გული გაუჩერდა.
"ამ მომენტის აღწერა რთულია. "კოშმარული", "გაუგებარი", მაგრამ ესეც არასაკმარისია", - ციტირებს კიაერის სიტყვებს TV2.
"ჩემი ქმედებები წინასწარ განსაზღვრული არ იყო, ყველაფერი ინსტინქტურად მოხდა. მის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. საშინელი, უბრალოდ საშინელი მომენტი იყო".
"მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კრისტიანი ახლა თავს კარგად გრძნობს", - დასძინა დანიელმა უკანახაზელმა.