ორმაგი აღიარება - ირაკლი აზაროვი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა
ბათუმის დინამოს 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი 2021 წლის საუკეთესო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
ირაკლი აზაროვისთვის 2021 წელს ეს ორმაგი აღიარებაა. ბათუმის დინამოს ფეხბურთელი ეროვნული ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველიც გახდა.
19 წლის მარცხენა მცველმა 2021 წელს ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. აჭარული გუნდის მაისურით აზაროვმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. 2021 წელს ირაკლი აზაროვს დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა.
წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.