მორატა კატალონიაში, დეპაი ტურინში — ბარსელონა და იუვენტუსი ფეხბურთელებს გაცვლიან?
"ბარსელონას" "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი "იუვენტუსის" თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირება უნდა.
კატალონიურ გრანდს ესპანელის გადაბირება ამ ზამთარსვე სურს, სავარაუდოდ, ჯერ არენდით. "ბებერი ქალბატონი" ზაფხულში ალვაროს 35 მილიონ ევროდ შესყიდვას არ აპირებს.
"ბარსა" მზადაა თავდამსხმელი, მემფის დეპაი "იუვენტუსს" მიჰყიდოს, რათა მორატას ტრანსფერის გაჩარხვა მოახერხოს, წერს Goal-ი.
თუ "იუვე" იჯარის ვადაზე ადრე გაწყვეტას დათანხმდება, მაშინ კატალონიელებს "ატლეტიკოსთან" შეთანხმება მოუწევთ - მადრიდელებთან მორატას კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
"ბარსელონა" 29 წლის ფორვარდის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და მათი კლიენტის კატალონიაში გადაბარგება შესთავაზა.
თავის მხრივ, "ბებერ ქალბატონს" დეპაის გადაბირებაში ეჭვი ეპარება. იტალიელებს ჰოლანდიელის ფიზიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებთ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.
მიმდინარე სეზონში მორატამ სერია ა-ში 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, ხოლო დეპაიმ ლა ლიგის 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 ბურთი შეაგდო.