"რონალდუს გადმოსვლისთვის იუვენტუსის ბევრი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად არ იყო მზად", - ბუფონი

„პარმას“ გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, რონალდუზე მის მიერ ნათქვამი სიტყვები განმარტა.
რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა კიპერმა აღნიშნა, რომ რონალდუს გადმოსვლის შემდეგ, „იუვენტუსმა“ თავისი გუნდური დნმ-ი დაკარგა.
„იუვეში“ გატარებულ სამ წელიწადში რონალდუმ 101 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა გუნდმა მაინც ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაზეც ასე ძალიან ოცნებობდა.
„ვთქვი, რომ რონალდუს მოსვლით „იუვემ“ დნმ-ი დაკარგა, იმიტომ რომ ასე ნამდვილად მგონია. თუმცა, თუ სიტუაციას ჩავუღრმავდებით, ეს კრიშტიანუს ბრალი არ ყოფილა, რადგან ის ტოპ-ფეხბურთლია. როცა ასეთ მოთამაშეს იმატებ, ხვდები რაში ერთვები.
ასეთ დროს, გუნდის ფეხბურთელები ამხელა ვარსკვლავის გადმოსვლისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყვნენ, რისთვისაც, ჩემი აზრით, ჩვენთან ბევრი მზად არ იყო.“ - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.