ავტორიზაცია

შეხვედრა ჩანიშნულია, ბარსაში გეგმა შეიმუშავეს — ცნობილია, თუ როდის გადაწყდება დემბელეს მომავალი

შეხვედრა ჩანიშნულია, ბარსაში გეგმა შეიმუშავეს — ცნობილია, თუ როდის გადაწყდება დემბელეს მომავალი
თარიღი 01 იან 2022, 21:08

"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, კლუბი და ფეხბურთელის აგენტი, მუსა სისოკო ორშაბათს (3 იანვარს) შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მხარეებმა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრისას უნდა მიიღონ. თუ 24 წლის ფრანგი "ბარსასთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ დათანხმდება, მაშინ იანვარშივე გაყიდიან.

კატალონიურ გრანდში ახლა ძალიან პესიმისტურად არიან განწყობილნი და დემბელესთან კომპრომისის მიღწევას არ ელიან. თუ აგენტთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, "ბლაუგრანა" საბოლოოდ შეწყვეტს მოლაპარაკებებს.

Mundo Deportivo-მ რამდენიმე დღის წინ დემბელეს მოთხოვნები გაასაჯაროვა: წელიწადში 40 მილიონ ევროიანი ხელფასი და კონტრაქტის გაფორმებისთვის 20-მილიონიანი ბონუსი.