რა დამოკიდებულება აქვს ხავის დემბელესთან? — AS-ის უახლესი ინფორმაცია
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხავისა და თავდამსხმელ უსმან დემბელეს ურთიერთობის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
აქამდე უკვე დაიწერა, რომ ესპანელი სპეციალისტი თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან 20 დეკემბერს შემდგარ შეხვედრაზე ფრანგმა გარემარბმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მზადყოფნა გამოთქვა, შემდეგ კი მოლაპარაკებები ჩაშლის პირას იყო.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, ხავი ახლა დემბელეს სუსტი ხასიათის ბიჭად თვლის, რომელიც გარემოცვაზე ძლიერ დამოკიდებულია და აგენტ მუსა სისოკოს რჩევებს მიჰყვება, ამ უკანასკნელს კი ნებისმიერ ფასად სარგებლის მიღება სურს.
ამავდროულად, გართულებულ სიტუაციაში ხავი არ დანებებულა და "ბარსელონას" იმ მცირერიცხოვან თანამშრომელთა შორის ერთ-ერთია, ვისაც სჯერა, რომ 24 წლის შემტევი თავის დამოკიდებულებას გადახედავს და კონტრაქტს გაახანგრძლივებს. 41 წლის სპეციალისტი კვლავ ფიქრობს, რომ დემბელეს შეუძლია თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცეს, მასთან სათანადო მუშაობის შემთხვევაში.
Mundo Deportivo-მ რამდენიმე დღის წინ დემბელეს მოთხოვნები გაასაჯაროვა: წელიწადში 40 მილიონ ევროიანი ხელფასი და კონტრაქტის გაფორმებისთვის 20-მილიონიანი ბონუსი.