ობამეიანგს არაბები სარფიანი წინადადებით თაფლავენ, თუმცა თავად სხვა გეგმები აქვს
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა არაბული "ალ ჰილალის" ყურადღება მიიპყრო.
მოგეხსენებათ, 32 წლის გაბონელი ფორვარდი "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას გეგმებში არ შედის.
როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა წერს, "ალ ჰილალმა" ობამეიანგს ფინანსურად სარფიანი 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
მიუხედავად ამისა, გავრცელებული ცნობით, "არსენალის" ექს-კაპიტნის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა, სადაც მისით "იუვენტუსი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.
მოგეხსენებათ, ობამეიანგი "მეთოფეთა" ღირსებას 2018 წლის იანვრიდან იცავს, გუნდს იგი "დორტმუნდიდან" 63,75 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში პიერ-ემერიკმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.