"ფეხბურთელები ტუხელს უჭერენ მხარს, ვერავინ იჯერებს იმას, რომ ლუკაკუ ასე მოიქცა", - რა ხდება ჩელსიში?
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელთან განიხილა სიტუაცია, რომელშიც მათი თანაგუნდელი, რომელუ ლუკაკუ რამდენიმე დღის წინ ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ აღმოჩნდა.
როგორც The Athletic-ი იტყობინება, გერმანელმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "ლივერპულთან" (2:2) გამართული მატჩის განაცხადიდან ბელგიელის მოკვეთასთან დაკავშირებული გადაწვეტილება სესარ ასპილიკუეტასთან, ჟორჟინიოსთან, ნ'გოლო კანტეთან და ანტონიო რუდიგერთან შეათანხმა.
"ჩელსის" ფეხბურთელები რთულ ვითარებაში ტუხელს უჭერენ მხარს. The Athletic-ი ერთ-ერთი წყაროს სიტყვებს ციტირებს: "ერთ-ერთ ფეხბურთელს ველაპარაკე და ვკითხე, უჭერს თუ არა ვინმე ლუკაკუს მხარს. მითხრა: "არა". ვერავინ იჯერებს იმას, რომ ლუკაკუ ასე მოიქცა".
ზოგიერთი მოთამაშე ფიქრობს, რომ ამ გზით ლუკაკუ სხვა კლუბში გადასვლის დაჩქარებას ცდილობს, რადგან ეს ინტერვიუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის წინ გამოვიდა.
არსებული ცნობით, ტუხელთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ვერც ფეხბურთელები გრძნობდნენ ლუკაკუს უკმაყოფილებას.
მიმდინარე სეზონში 28 წლის სუპერვარსკვლავმა ლონდონური კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.