მიზეზი, რის გამოც რეალმა ანტონიო რუდიგერთან მოლაპარაკებები ჩაშალა - გერმანელი ბერნაბეუზე არ გადავა
ესპანური პრესა იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ ანტონიო რუდიგერთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.
1 იანვრიდან რუდიგერს ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების გამართვა „ჩელსისგან“ დამოუკიდებლად შეუძლია, რადგან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, თავის ამჟამინდელ კლუბს ახალ ხელშეკრულებაზე ვერ უთანხმდება.
მსურველებს შორის სახელდებოდა მადრიდის „რეალიც“, თანაც საქმე იმდენად სერიოზულად იყო, რომ მოახლოვებულ შესაძლო ტრანსფერზე საიმედო ინსაიდერი ფაბრიციო რომანოც კი ალაპარაკდა.
თუმცა, დღეს Goal Espana-ს ჟურნალისტი მარიო კორტეგანა და El Chiringuito TV-ს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი, ხოსე ლუის სანჩესი ერთხმად ამტკიცებენ, რომ დედაქალაქურმა კლუბმა რუდიგერთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. ორივე ეს ინსაიდერი საკმაოდ კარგი სანდოობით გამოირჩევა.
რუდიგერთან მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზი კი მარტივია: ფეხბურთელის მაღალი ფინანსური მოთხოვნები. მან კვირის ხელფასის სახით 200 ათასი ევრო და უფასოდ გადმოსვლისთვის 20 მილიონი ევრო ბონუსის სახით მოითხოვა - ზუსტად ამდენი „რეალისგან“ გასულ ზაფხულს დავიდ ალაბამ მიიღო, როცა „ბაიერნიდან“ გუნდს უფასოდ შეუერთდა.
ასეთი ფინანსური მადის გამო, „რეალმა“ რუდიგერის ტრანსფერზე უარის თქმა გადაწყვიტა.