"რა თქმა უნდა, სხვა გუნდში მისი წასვლა შესაძლებელია", - ტუხელმა რუდიგერის კონტრაქტზე ისაუბრა
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ანტონიო რუდიგერის კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.
გერმანელ ცენტრალურ მცველს „პენსიონერებთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და 1 იანვრიდან, მას დამოუკიდებლად შეუძლია სხვა კლუბებთანაც აწარმოოს მოლაპარაკებები და წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს.
„რა თქმა უნდა, რუდიგერის გადასვლა სხვა გუნდში შესაძლებელია, რადგან უკვე იანვარია, ახალი კონტრაქტი კი გაფორმებული ჯერაც არ გვაქვს.
თუ სწორად ვიცი, ჩვენი კლუბიც აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებს. ანტონიომ ჩემი მოთხოვნები კარგად იცის და ისიც იცის, რომ მასთან მუშაობის შანსს ძალიან ვაფასებ.
მისი თამაშის დონე წარმოუდგენლად მაღალია. მისი კონტრაქტის სიტუაცია ჩემში მღელვარებას იწვევს. ჩემი პოზიცია უკვე ცნობილია და კლუბი მაქსიმალურად ცდილობს მასთან შეთანხმების მიღწევას. ამ თვალსაზრისით ჯერ არაფერი შეცვლილა.“ - ციტირებს გერმანელის სიტყვებს Metro.