ზაფხულში მანჩესტერ სიტის მთავარი სამიზნე ჰოლანდი იქნება, შერჩეულია ორი ალტერნატივაც
"მანჩესტერ სიტი" მომავალ ზაფხულს "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებისთვის იბრძოლებს.
როგორც The Athletic-ი იტყობინება, 21 წლის თავდამსხმელი მანჩესტერული გრანდის მთავარი სამიზნეა. "ქალაქელები" ნორვეგიელის წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს კვირებში ან თვეებში გეგმავენ.
"რეალი" ჰოლანდისთვის ბრძოლაში მთავარ მეტოქედ სწორედ "სიტის" მიიჩნევს. ბევრი წყარო დარწმუნებულია, რომ "ბარსელონა" ამ კლუბებს კონკურენციას ვერ გაუწევს.
"ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ"-ც იჩენენ ერლინგისადმი ინტერესს, მაგრამ "სიტის" პოზიცია უფრო მომგებიანია.
იმ შემთხვევაში, თუ "სიტი" ჰოლანდის ხელში ჩაგდებას ვერ მოახერხებს, მაშინ სხვა კანდიდატურებს მიმართავს. "ქალაქელთა" შორტ ლისტში ალექსანდერ ისაკი ("სოსიედადი") და დუშან ვლაჰოვიჩი ("ფიორენტინა") არიან.
არ არის გამორიცხული, რომ "ქალაქელები" "ტოტენჰემის" ფორვარდ ჰარი კეინის ვარიანტს მიუბრუნდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ლონდონური კლუბი ფეხბურთელის ადეკვატურ ფასად გაშვებას დათანხმდება. გარდა ამისა, "სიტი" კეინის ასაკსაც ითვალისწინებს, რომელსაც ივლისში 29 წელი უსრულდება.