დემბელეს წასვლის შემთხვევაში, ბარსელონა ტრაორეს დაბრუნებას ეცდება
თუ ოსმან დემბელე კონტრაქტს არ განაახლებს, "ბარსელონას" სარეზერვო გეგმა აქვს: კლუბი ადამ ტრაორეს ტრანსფერზე იმუშავებს, იუწყება Diario Sport. კატალონიელები ტრაორეს მარჯვენა ფლანგზე ფრანგის შესაფერის შემცვლელად მიიჩნევენ.
ლა მასიას აღზრდილი მზად არის დასაბრუნებლად, ის ინარჩუნებს კონტაქტს კლუბის ზოგიერთ ფეხბურთელთან. "ბარსელონას" კარგი ურთიერთობა აქვს "ვულვერჰემპტონთან" ტრინკაუსა და სემედოს ბოლო ტრანსფერების შემდეგ.
"ბარსელონა" არ არის ერთადერთი, ვინც დაინტერესებულია ადამით. მისი აგენტი ასევე კონტაქტზეა "ტოტენჰემთან". მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა "ვულვზის" შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი მას ჯერ არ გაუტანია.
ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი "ვულვერჰემპტონთან" 2023 წლამდეა ძალაში, Transfermarkt მას 28 მილიონ ევროდ აფასებს. ვნახოთ, სად აღმოჩნდება ესპანელი.