ლივერპული ზაფხულში ნახევარმცველის ყიდვას გეგმავს და სასურველი ვარიანტიც შეარჩია
"ლივერპულის" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.
ჟორჟინიო ვეინალდუმის წასვლის შემდეგ, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯეიმს მილნერს კლუბთან კონტრაქტი ნახევარ წელიწადში ეწურება, ხოლო ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენსა და ნაბი კეიტას წელიწადნახევარში, მერსისაიდელები ნახევარმცველის ყიდვას აპირებენ.
როგორც ცნობილი გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, ერთ-ერთ კანდიდატად "მონაკოს" შუახაზელი, ორელიენ ტჩუამენი განიხილება. 21 წლის ფრანგისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენს. თუ "ლივერპული" უარს არ იტყვის, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება.
გავრცელებული ცნობით, "მონაკო" ტჩუამენის სანაცვლოდ 50-60 მილიონ ევროს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად "მონაკოს" რიგებში 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.