კროოსი: "ამ სეზონში ბარსას თამაში არ ჩამირთავს, გაცილებით უკეთესი რაღაცების კეთება შემიძლია"
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მოახლოვებულ ელ კლასიკოზე ისაუბრა.
„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს ხვალ, 12 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ეგიდით დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საუდის არაბეთში შედგება.
„შესაძლოა, პრიმერაში „ბარსელონაზე“ უკეთ გამოვიყურებოდეთ, მაგრამ გამოცდილება მკარნახობს, რომ კლასიკოში ფავორიტი არ არსებობს. ეს განსაკუთრებული თამაშია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
„ბარსელონა“ არის გუნდი, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობის ხარისხიანი ფეხბურთელი ასპარეზობს.
თუმცა, ჩვენ მზად ვართ, „რეალი“ აქ ტიტულის მოსაგებად ჩამოვიდა.
არ ვიცი, რამდენად გააუმჯობესა და შეცვალა ხავიმ „ბარსელონა“, რადგან ამ სეზონში მათი თამაში არ ჩამირთავს. გაცილებით უკეთესი რაღაცების კეთება შემიძლია.“ - ციტირებს კროოსის სიტყვებს Sport.es.