ბერბატოვი: "მანჩესტერმა დროულად უნდა გაარკვიოს, თუ რა სჭირს რაშფორდს"
დიმიტარ ბერბატოვმა კომენტარი გააკეთა მარკუს რაშფორდზე, რომლის უგოლო სერია უკვე 11 მატჩს გრძელდება. "ამ ბოლო დროს მარკუსს ყურადღებით ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ რაღაც ნამდვილად ხდება მის თავს", - წერს დიმიტარი Betfair-ის თავის რუბრიკაში.
"მისი სხეულის ენა არ ჰგავს თავდაჯერებულ მოთამაშეს და მის თამაშს ამ მომენტში ძნელად შეიძლება ეწოდოს კარგი. ალბათ, მხოლოდ მას შეუძლია რაღაცის თქმა, მაგრამ რაღაც აშკარად ხდება მის თავს და კლუბმა უნდა გაარკვიოს, რა არის ზუსტად.
წავიკითხე, რომ ძალიან კარგად ვარჯიშობს და ბევრს მუშაობს, მაგრამ მისი გამოსვლებიდან ვერაფერს მიხვდებით. ასტონ ვილასთან მატჩში ის თანაგუნდელებს უყვიროდა, რომ ბურთი მიეცათ.
მეც ხშირად ვიქცეოდი ასე, როცა კარგ პოზიციაზე ვიყავი და არავინ მაძლევდა ბურთს. ამან შეიძლება გაგაბრაზოთ და რისხვამ თავის მხრივ, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს თამაშზე.
მარკუსი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის მხოლოდ 24 წლისაა და წინ ბევრი წარმატება ელის. გარკვეულწილად, კარგია, რომ მას ახლავე დაეწყო ასეთი პრობლემები, რადგან ახლა ისწავლის მათთან გამკლავებას.
ეჭვი არ მეპარება, რომ მალე ის დაუბრუნდება წინა ფორმას და დაიწყებს გოლის გატანას", - განაცხადა ბერბატოვმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის შესახებ.