ოფიციალურად: შევჩენკო ჯენოას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს

"ჯენოას" პრესსამსახურმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკოს გათავისუფლება დაადასტურა.
როგორც აღინიშნება, ლეგენდარული უკრაინელის გაშვების მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.
45 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ გენუელებმა სერია ა-ში 9 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მოახერხეს - 3 ფრე, 6 მარცხი.
შევჩენკოს მეთაურობით "ჯენოამ" ერთადერთი მატჩი მოიგო, ისიც იტალიის თასის ეგიდით, "სალერნიტანას" (1:0) წინააღმდეგ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის იტალიური კლუბი შევჩენკოსა და მის სამწვრთნელო შტაბს კომპენსაციის სახით 20 მილიონ ევროს გადაუხდის.
მოგეხსენებათ, ლეგენდარული უკრაინელი "ჯენოას" სათავეში 2021 წლის 7 ნოემბერს ჩაუდგა.