"ან კონტრაქტს გაახანგრძლივებ ან მოედანზე ვეღარ გახვალ", - ხავიმ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა
"ბარსელონა" კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხში გუნდის გარემარბ უსმან დემბელეზე ზეწოლას ახდენს, იტყობინება Foot Mercato.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ლოდინით დაიღალა - "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ფრანგს შეთავაზება დეკემბერში გაუკეთა და პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია.
24 წლის შემტევს წელიწადში 20-25 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობენ, მაგრამ ხელმძღვანელობასთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე ფეხბურთელის აგენტმა, მუსა სისოკომ თქვა, რომ უსმანს წლიურად მინიმუმ 40 მილიონის გამომუშავება სურს. "ბარსას" კი ამ მოთხოვნით დაკმაყოფილება არ შეუძლია.
ზემოთნახსენები შეხვედრის შემდეგ, დემბელეს "ბარსას" მთავარი მწვრთნელი, ხავი ესაუბრა. როგორც აღინიშნება, 41 წლის სპეციალისტი ფეხბურთელს მუდმივად უყვიროდა. კატალონიელთა დამრიგებელმა უსმანს უთხრა, რომ "ბარსაში" აღარ ითამაშებს, თუ შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდება და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის.
გავრცელებული ინფორმაციით, დემბელე დათმობაზე წასვლას არ აპირებს - ამ ზამთარს ტრანსფერზე უარს იტყვის და "ბარსასთან" კონტრაქტს თავისი პირობებით გაახანგრძლივებს ან ზაფხულში უფასოდ წავა.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.