აგენტი: "ბარსელონა დემბელეს კარგავს, კლუბი არაფერს აკეთებს გარდა მუქარებისა"
„ბარსელონას“ შემტევის, უსმან დემბელეს აგენტმა, მუსა სისოკომ, ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალი შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ, რის გამოც დიდი ალბათობით, დემბელე გუნდს უფასოდ ზაფხულშივე დატოვებს.
„ისეთ ადამიანებთან, როგორებიც ჩვენ ვართ, ზეწოლა ვერ გაჭრის. შესაძლოა, ეს სხვა აგენტებთან მუშაობდეს, ვინც „ბარსელონას“ ემეგობრება. მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის - აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი ფეხბურთელის ინტერსები დავიცვა.
აქ იმიტომ არ ვართ, რომ სოციალურ ქსელში დისკუსიები წამოვჭრათ. ყოველთვის სიმართლის თქმაა საჭირო. დიახ, მაღალი მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ უკვე დავამტკიცეთ, რომ უსმანის კარიერული არჩევანი ფულიდან არ გამომდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ახლა აქ არ იქნებოდა. „ბარსელონას“ მოლაპარაკებების წარმართვა რომ უნდოდეს, მაგიდასთან მიგვიწვევდა. მაგრამ მოლაპარაკებები არ არსებობს, მხოლოდ მუქარებია, რომ ის საფეხბურთო მოედანზე ვეღარ გავა, ეს კი აკრძალულია. თუ საჭირო გახდა, უსმან დემბელეს უფლებებს ყველანაირად დავიცავთ.
არ ვიცით, რა მოხდება, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. მაგრამ „ბარსელონა“ უსმანს კარგავს. თავიდანვე დავანახეთ, რომ კონტრაქტზე დალაპარაკება გვინდა - რა თქმა უნდა, ჩვენი პირობებით. თუმცა, კლუბისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს.“ - აღნიშნა სისოკომ RMC Sport-თან ინტერვიუში.