ავტორიზაცია

ვინ შემოსავს საქართველოს ნაკრებს მომდევნო 6 წელი? სფფ-ს ახალი პარტნიორი ყავს

ვინ შემოსავს საქართველოს ნაკრებს მომდევნო 6 წელი? სფფ-ს ახალი პარტნიორი ყავს
თარიღი 19 იან 2022, 16:14

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.

მაკრონი უმაღლესი ხარისხის სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს, ისე ფუტსალის ეროვნულ გუნდს, ქალთა და ასაკობრივ ნაკრებებს.

„უკანასკნელი ათის წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. 

მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. 

ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი.