"ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია, ბარსელონამ დემბელეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო", - ხავიმ გულწრფელად ისაუბრა
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა გუნდის შემტევის, უსმან დემბელეს კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.
ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და დემბელეს მაღალი მოთხოვნების გამო, ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა ფრანგს ულტიმატუმი წაუყენა - თუ არ გააფორმებს ახალ კონტრაქტს, სეზონის ბოლომდე მოედანზე ვეღარ გავა.
„სიტუაცია მარტივად არ არის. კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თუ დემბელე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მოვლენები რთულად განვითარდება.
დემბელეს და მის აგენტს თვეებია ვესაუბრებით, თუმცა ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია - კლუბის საბოლოო გადაწყვეტილება ასეთია: მან ან ხელშეკრულება უნდა გაახანგრძლივოს, ან გუნდი იანვარშივე დატოვოს. ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია.
უსმანმა იცის ახალი პროექტის შესახებ, ისიც იცის რომ ჩემი ნდობა გააჩნია და ამბობს, რომ კლუბში სურს დარჩენა, მაგრამ ახალ კონტრაქტს არ აფორმებს.
ფეხბურთელმა ან ახალ კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი, ან ახლავე წავიდეს. მისი ნახევარი სეზონით ტრიბუნაზე დატოვება არ შემიძლია. სიტუაცია ცოტა გაუგებარია, მაგრამ თუ მას დარჩენა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოხდება.
დემბელემ პირადად მითხრა, რომ აქ დიდხანს სურს დარჩენა, მაგრამ ის, თუ როგორ იქცევა ისიც და მისი აგენტიც - სრულიად სხვა რამეს ამბობს.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.