ავტორიზაცია

ჯგუფური გაუპატიურების საქმე — რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დარჩა

ჯგუფური გაუპატიურების საქმე — რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დარჩა
თარიღი 20 Jan 2022, 11:53

"რეალის", "მილანისა" და სხვა ევროპული კლუბების ყოფილ თავდამსხმელს, რობინიოს ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობისთვის სასჯელის მოხდა მაინც მოუწევს.

რომის საკასაციო სასამართლომ 37 წლის ბრაზილიელისა და მისი მეგობრის, რიკარდო ფალკოს სარჩელი არ დააკმაყოფილა - აქამდე, ორივე მათგანს სასჯელის სახით 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ და ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. შემდგომი გასაჩივრება შეუძლებელია. 

როგორც ბრაზილიური გამოცემა UOL-ი იტყობინება, იტალიამ შესაძლოა რობინიოსა და ფალკოს ექსტრადირება სცადოს, მაგრამ დიდი ალბათობით გაუჭირდება, რადგან ბრაზილიას მოსთხოვს, რომ დამნაშავეებმა სასჯელი ადგილობრივ ციხეში მოიხადონ. ამისათვის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტები სამხრეთამერიკულ ქვეყანას უნდა მიაწოდოს და მათ განხილვას დაელოდოს, თუმცა ამ პროცესისთვის არანაირი ვადები არ არის გათვალისწინებული.

მოგეხსენებათ, ინციდენტი, რომელსაც ეს საქმე უკავშირდება, 2013 წელს მილანში მოხდა, როდესაც რობინიომ და კიდევ ხუთმა მამაკაცმა ღამის კლუბში ალბანელი გოგონა გააუპატიურეს. ეს უკანასკნელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. იმ ღამეს გოგონა 23 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

2017 წლის ნოემბერში ბრაზილიელ თავდამსხმელს იტალიის სასამართლომ გაუპატიურებისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ დრომდე ფეხბურთელი და მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას ცდილობდნენ.

2020 წლის ოქტომბერში რობინიომ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თქვა, რომ გოგონაზე არ უძალადია და მათ შორის სექსუალური კონტაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად შედგა: "ჩემთან მოვიდა, კონტაქტი ორივე მხარის თანხმობით მოხდა. იქ რამდენიმე წუთი ვიყავით, ერთმანეთს ვეხებოდით. შემდეგ კი სახლში წავედით. მეგობრებმა მითხრეს, რომ გოგონას თანხმობით, მასთან დარჩნენ, სექსით დაკავდნენ, რადგან მას ეს სურდა. ეს კლუბი მათ ერთად დატოვეს და სხვა კლუბში წავიდნენ".

მოგეხსენებათ, კარიერის მანძილზე რობინიოს ბრაზილიის ნაკრებში, "სანტოსში", "რეალში", "მანჩესტერ სიტიში", "მილანში", "გუანჩჯოუში", "ატლეტიკო მინეიროში", "სივასპორსა" და "ისტანბულში" უთამაშია.