ავტორიზაცია

"უკან დასახევი გზა არ არის, გადაწყვეტილება მიღებულია", - ბარსელონამ დემბელეს ბოლო შანსი მისცა

"უკან დასახევი გზა არ არის, გადაწყვეტილება მიღებულია", - ბარსელონამ დემბელეს ბოლო შანსი მისცა
თარიღი 20 Jan 2022, 12:08

"ბარსელონას" მკაცრი პოზიცია დაიკავა გარემარბ უსმან დემბელეს მიმართ, რომელიც კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს.

AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი "ბარსას" წინადადებას უახლოეს საათებში არ მიიღებს, კლუბი მას გუნდიდან მოკვეთს (ე. წ la carta de libertad – დოკუმენტი, რომელიც კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობას ვადაზე ადრე წყვეტს. ეს კონტრაქტის გაწყვეტის ტოლფასი არ არის, რადგან კლუბი მოთამაშისთვის ხელფასის გადახდას აგრძელებს). არ არის გამორიცხული, პროცესი სასამართლოშიც გაგრძელდეს.

"უკან დასახევი გზა არ არის. გადაწყვეტილება მიღებულია", - აცხადებენ კატალონიურ გრანდში.

დემბელესთვის დედლაინები აღარ იქნება დაწესებული, რადგან "ბარსას" ახალწვეულების დასამატებლად ხელფასების შემცირება სჭირდება. თუ უსმანი არ წავა, მაშინ კლუბი ვეღარავის დაიმატებს.

გადაწყვეტილების მიღების ბოლო დღე 20 იანვარია. ფეხბურთელი "ბარსასგან" მეტ დროს აღარ მიიღებს.

ცნობისთვის, "ბლაუგრანას" მსგავსი სიტუაცია აქამდეც ჰქონია. ეს 2002 წელს მოხდა, როცა "ლურჯ-ბროწეულისფრები" რივალდოს მოშორებას ცდილობდნენ. კატალონიელებმა მაშინ თავისას მიაღწიეს და 6,6 მილიონი ევრო დაზოგეს - თანხა, რომელიც ბრაზილიელს ხელფასის სახით უნდა მიეღო.

მიმდინარე სეზონში 24 წლის დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.