ავტორიზაცია

ბარსას დირექტორი: "დემბელემ კლუბი სასწრაფოდ უნდა დატოვოს, ჩვენ ერთგული ფეხბურთელები გვჭირდება"

ბარსას დირექტორი: "დემბელემ კლუბი სასწრაფოდ უნდა დატოვოს, ჩვენ ერთგული ფეხბურთელები გვჭირდება"
თარიღი 20 იან 2022, 14:55

"ბარსელონას" დირექტორმა, მატეუ ალემანიმ გუნდის გარემარბ უსმან დემბელეს ახალი კონტრაქტის გარშემო არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.

"უსმანთან და მის აგენტებთან მოლაპარაკებები ივლისში დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, ექვსი, თითქმის შვიდი თვე გვქონდა დიალოგი, ვსაუბრობდით, "ბარსამ" სხვადასხვა შეთავაზება გააკეთა, ცდილობდა ეპოვა გზა, რათა ფეხბურთელს კარიერა ჩვენთან გაეგრძელებინა, მისი წარმომადგენელი კი სისტემატიურად უარყოფდა ამ წინადადებებს".

"დღეს, 20 იანვარს, კონტრაქტზე დათანხმების ვადის ამოწურვამდე 11 დღით ადრე, ცხადია, რომ ფეხბურთელს "ბარსელონაში" დარჩენა არ უნდა და არ არის ერთგული კლუბის მომავალი პროექტის მიმართ".

"მას და მის აგენტებს ვაცნობეთ, რომ კლუბი სასწრაფოდ უნდა დატოვოს, რადგან ჩვენ ერთგული ფეხბურთელები გვჭირდება და ვიმედოვნებთ, ტრანსფერი 31 იანვრამდე განხორციელდება", - ციტირებს ალემანის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, 24 წლის ფრანგის მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.