ავტორიზაცია

მარსელოს დისკვალიფიკაცია ემუქრება - რა უთხრა ბრაზილიელმა მსაჯს?

მარსელოს დისკვალიფიკაცია ემუქრება - რა უთხრა ბრაზილიელმა მსაჯს?
თარიღი 21 იან 2022, 23:50

როგორც ვიცით, ესპანეთის თასის მერვედფინალში "ელჩესთან" დაპირისპირებაში მადრიდის "რეალის" ვეტერანმა მარცხენა მცველმა, მარსელომ წითელი ბარათი მიიღო.

102-ე წუთზე ბრაზილიელმა კონტრშეტევის დროს ნახევარმცველ, ტეტე მორენტეს ანდრეი ლუნინის კართან მარშრუტი ჩაშალა, მეტოქის მარცხენა ფეხზე უხეშობით ჰავბეკი მიწაზე დაეცა.

მთავარმა მსაჯმა ხორხე ფიგეროა ვასკესმა ეს უკანასკნელი დარღვევად მიიჩნია და გადაწყვიტა ბრაზილიელისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა, რითაც მადრიდის "რეალი" უმცირესობაში დარჩა.

ამბავი ამით არ დასრულებულა: AS-ის ცნობით, მსაჯის სიტყვების გამო, მარსელომ შესაძლოა გამოტოვოს ერთი შეხვედრით მეტი, ანუ დამატებითი დისკვალიფიკაცია მიიღოს.

გაზეთის ცნობით, წითელი ბარათის მიღების შემდეგ, ბრაზილიელმა მსაჯს უთხრა: "ძალიან ცუდად მსაჯობ". ექს-მოსამართლე ედუარდო იტურალდე გონსალესის თქმით, მარსელო ორჯერ შეიძლება დაისაჯოს - წითელისთვის და მსაჯის მიმართული ფრაზისთვის.