ავტორიზაცია

დიდი გეგმები ზაფხულისთვის - პოზიცია, რომლის გაძლიერებასაც იუნაიტედი პირველ რიგში ეცდება

დიდი გეგმები ზაფხულისთვის - პოზიცია, რომლის გაძლიერებასაც იუნაიტედი პირველ რიგში ეცდება
თარიღი 24 იან 2022, 18:25

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაგეგმვა უკვე დაიწყო.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ზაფხულში კლუბი ოთხი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს. ხელმძღვანელობა ამჟამად ყველაზე სუსტ წერტილად გუნდის ნახევარდაცვას მოიაზრებს და პირველ რიგში მის გაძლიერებას ეცდება.

ზამთარში ტრანსფერები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან „იუნაიტედის“ განაცხადი ისედაც გადავსებულია. ამჟამად, გუნდში 29 ფეხბურთელი იმყოფება.

„იუნაიტედი“ დიდი ხანია აკვირდება „ვესტ ჰემის“ ლიდერს, დეკლან რაისს, რომელიც არ მალავს, რომ მისთვის „ოლდ ტრაფორდზე“ თამაში საოცნებოა და ის ამ სტადიონზე თავს შესანიშნავად გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჰარი მაგუაირი და ლუკ შოუ მანჩესტერის შესახებ უკვე გამოკითხა.

გარდა ამისა, არ გამოირიცხება შეტევის გაძლიერებაც, რადგან გუნდს, დიდი ალბათობით, ედინსონ კავანი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა და პოლ პოგბა დატოვებენ.

„იუნაიტედი“ არც მცველის შეძენას გამორიცხავს, რადგან გუნდს ერიკ ბაილი და ფილ ჯონსი დატოვებენ. ასევე, გუნდს ეჭვი ეპარება აარონ ვან-ბისაკას შესაძლებლობებში. 

და ბოლოს, თუ გუნდს დინ ჰენდერსონი დატოვებს, „იუნაიტედი“ დე ხეას შემცვლელი გოლკიპერის მოყვანაზეც დაფიქრდება.