ოფიციალურად: ანტონი მარსიალი სეზონის ბოლომდე სევილიაში ითამაშებს
„სევილიამ“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევის, ანტონი მარსიალის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ანდალუსიური კლუბი ფრანგი ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარაში 6-7 მილიონ ევროს გადაიხდის და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა არ ექნება - ეს იქნება მხოლოდ მშრალი იჯარა.
ფაბრიციო რომანო „ტვიტერზე“ წერს, რომ მარსიალის გადაბირებით პრემიერ ლიგის გუნდებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა „სევილიას“ სპორტულ დირექტორ მონჩისთან გასაუბრების შემდეგ, თავად ფრანგს მხოლოდ ესპანეთში გადაბარგება სურდა.
ანტონი მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ 60 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 269 ჩატარებულ შეხვედრაში 79 გოლი და 50 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ახალ გუნდში ფრანგი შემტევი 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.