რეალის ნახევარმცველმა ახალი სეზონი შესაძლოა სევილიაში დაიწყოს
გადაწყვეტილია, რომ მადრიდის „რეალის“ ესპანელი ნახევარმცველი, ისკო ალარკონი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
29 წლის ფეხბურთელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი ეწურება და „რეალი“ მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებს - ისევე, როგორც ბეილი და მარსელო, ისკოც კლუბში ბოლო სეზონს ატარებს.
როგორც Sport.es იტყობინება, ისკოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების სურვილი „სევილიამ“ გამოთქვა. არის ასევე ინტერესი პრემიერ ლიგის გუნდებიდანაც, თუმცა დიდი ალბათობით, ფეხბურთელი უპირატესობას სამშობლოში დარჩენას მიანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ ალარკონი „რეალში“ 2013 წელს „მალაგადან“ გადავიდა, მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის 10 არასრულ მატჩში 1 გოლის გატანა მოასწრო.
გარკვეული წყაროები წერდნენ, რომ ისკოს უფასოდ დამატების სურვილი „ბარსელონამაც" გამოთქვა, თუმცა ეს ინფორმაცია ავტორიტეტულ გამოცემებს არ დაუდასტურებიათ.