"ჩემი ქვეყნისთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი" - ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საერთაშორისო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ 35 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში დაწერა.
" ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, და ახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.
მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და უერთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა," - დაწერა ჯაბა კანკავამ.
ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2004 წელს შედგა.