ბარსელონა მორატაზე უარს არ ამბობს — რა პოზიცია უკავიათ იუვენტუსსა და ატლეტიკოს?
"ბარსელონას" "იუვენტუსში" იჯარით მოასპარეზე თავდამსხმელის, ალვარო მორატას ამ ზამთარს გადაბირების იდეაზე უარი არ უთქვამს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, ტურინელებიც და "ატლეტიკოც", რომელსაც 29 წლის ფორვარდის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, მისი კატალონიურ გუნდში გადასვლის მომხრენი არიან.
თავად მორატამ თავის აგენტს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მოსთხოვა.
მიუხედავად ამისა, "ბარსელონასთვის" დაბრკოლებას ლა ლიგის ფინანსური ფეირ პლეი წარმოადგენს. ამ დროისთვის, "ბლაუგრანას" ალვაროს ხელფასის დაფარვა არ შეუძლია.
აქამდე დაიწერა, რომ ამ ზამთარს "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, ხავის პრიორიტეტი ახალი ფორვარდის შეძენაა.
მიმდინარე სეზონში მორატამ "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც გააკეთა.