ავტორიზაცია

რეალმა კაზემიროს შემცვლელად სასურველი ნახევარმცველი შეარჩია — MARCA

რეალმა კაზემიროს შემცვლელად სასურველი ნახევარმცველი შეარჩია — MARCA
თარიღი 27 Jan 2022, 21:36

მადრიდის "რეალი" საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მონაკოს" ნახევარმცველ ორელიენ ტჩუამენისადმი იჩენს ინტერესს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, "სამეფო კლუბის" სკაუტთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხუნი კალაფატმა მონაკოში ორი დღე გაატარა, სადაც 22 წლის ფეხბურთელის გარემოცვას ესაუბრა და შესაძლო გარიგების შესახებ პირადად შეიტყო.

ასე და ამგვარად, "რეალს" იმ ნახევარმცველის გადაბირება უნდა, რომელიც სამომავლოდ კაზემიროს შეცვლის. მადრიდულ გრანდში ფიქრობენ, რომ ამ დავალებას ტჩუამენი თავს ბრწყინვალედ გაართმევს.

"სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ამ პოზიციაზე ედუარდო კამავინგას გამოყენებას ცდილობს, მაგრამ იტალიელი სპეციალისტისა და კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ჩამშლელის დამატებაა საჭირო.

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად "მონაკოს" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.