"უნდა შევქმნათ გუნდი, რომელიც პრემიერ ლიგაში ითამაშებს" - შოთა არველაძე
"ჰალ სიტიმ" ოფიციალური საიტის მეშვეობით გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დანიშვნა დაადასტურა.
ამ ამბის შესახებ GOAL.GE-მ რამდენიმე დღის წინ გაცნოთ, დღეს კი ინგლისურმა გუნდმა ყველაფერი ოფიციალურად გამოაცხადა.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ვუერთდები ჰალ სიტის. მადლობას ვუხდი ბატონ აკუნ ილიჯალის, რომ მენდო და გავიზიარეთ ერთი ხედვით გუნდის განვითარების ეტაპები. ეს ადგილი არის ის, რაც ჩემი კარიერული განვითარების მიზნებშია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში.
ჩემი ამბიციაა, ამ მოკლევადიან პერიოდში შევქმნათ გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში დაწინაურებისთვის იბრძოლებს. კარგი მოთამაშეები გვყავს და მოუთმენლად ველი მათთან მუშაობის დაწყებას," - დაწერა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში.
შოთა ბოლოს უზბეკურ "ფახთაქორს" ედგა სათავეში, სადაც 2017 წლიდან 2020 წლამდე იმუშავა და ამ დროის მანძილზე ხუთი ტიტული მოიგო, მათ შორის უზბეკეთის სუპერ ლიგა (2-ჯერ) და აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა.