ავტორიზაცია

პირველი ხმაურიანი შენაძენი — ნიუკასლი 48-მილიონიან ტრანსფერს ხურავს

პირველი ხმაურიანი შენაძენი — ნიუკასლი 48-მილიონიან ტრანსფერს ხურავს
თარიღი 28 Jan 2022, 19:56

"ნიუკასლმა", რომელსაც ოქტომბრიდან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავს, პირველი ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერი შეათანხმა.

ასე და ამგვარად, "კაჭკაჭების" რიგებში გადასვლას "ლიონის" ჩამშლელი ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში უახლოვდება, წერს ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის თანახმად, ინგლისური კლუბი ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 48 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 8 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

მხარეებს ისღა დარჩენიათ გიმარაეშის აგენტისთვის გადასახდელი საკომისიოს ოდენობაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ბრაზილიელი "ნიუკასლში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ გიმარაეში "ლიონს" 2020 წლის იანვარში "ატლეტიკო პარანაენსედან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.