ატლეტიკომ მორატას ტრანსფერი დაბლოკა — ვის იყიდის ბარსელონა დემბელეს წასვლის შემთხვევაში?
"ბარსელონა" "არსენალის" თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაბირებაზე მუშაობს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.
კატალონიელები 32 წლის გაბონელის ვარიანტს განიხილავენ, რადგან "ატლეტიკომ" "იუვენტუსში" იჯარით მოასპარეზე ფორვარდის, ალვარო მორატას "ბლაუგრანაში" ტრანსფერი დაბლოკა.
გავრცელებული ინფორმაციით, "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობას პირდაპირი კონკურენტის გაძლიერება არ უნდა, ამიტომაც 29 წლის შემტევის კატალონიაში გაშვებას არ აპირებს.
ობამეიანგის ტრანსფერის გასაჩარხად "ბარსელონამ" ჯერ გარემარბი, უსმან დემბელე უნდა გაყიდოს, რათა სახელფასო ზღვარი დააკმაყოფილოს.
მიმდინარე სეზონში პიერ-ემერიკმა "არსენალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.