4 კლუბი, სადაც შესაძლოა დემბელე ამ ზამთარს გადავიდეს
"ბარსელონას" გარემარბმა, უსმან დემბელემ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში ან ლიგა 1-ში გააგრძელოს, თუ კატალონიურ გრანდს ამ ზამთარსვე დატოვებს.
ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, 24 წლის შემტევის აგენტი, მუსა სისოკო მიიჩნევს, რომ ინგლისი კარგი ვარიანტია და ფრანგისადმი ინტერესს "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნიუკასლი" იჩენენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, ნახევარწლიანი იჯარის ჩათვლით.
ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ დემბელე "მანჩესტერ სიტიში" არ გადავა - იგი "ქალაქელთა" შესაფერისი არ არის.
გარდა ამისა, უსმანის ხელში ჩაგდებით "პარი სენ ჟერმენიცაა" დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელის მხარისთვის პრემიერ ლიგა უფრო მიმზიდველი ვარიანტია.
მოგეხსენებათ, დემბელეს "ბლაუგრანასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც მიითვალა.