ჩელსი დემბელეს დამატების ვარიანტს კიდევ ერთხელ მიუბრუნდება, თუმცა უკვე სხვა ხერხით
"ბარსელონას" გარემარბი, ოსმან დემბელე შესაძლოა "ჩელსის" ზაფხულში შეუერთდეს. 24 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება, "ჩელსიმ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიმართა კლუბს.
ლონდონელებმა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მაშინ გამოიჩინეს, როცა მიიღეს ინფორმაცია, რომ მისი "პსჟ"-ში ტრანსფერი არ განხორციელდებოდა, თუმცა, დროის შეზღუდვებმა და ფინანსურმა დაბრკოლებებმა ხელი შეუშალა გარიგების დასრულებას ორშაბათს.
Sky Sports-ის ცნობით, "ჩელსი" კვლავ დაინტერესებულია ფრანგი გარემარბით და სურს მისი შეძენა ზაფხულში, როდესაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.
ნახევარმცველს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ მას ახლავე აქვს წინასწარი შეთანხმების მოლაპარაკების უფლება სხვა კლუბთან.
იანვარში, "ბარსას" ხელმძღვანელობამ უთხრა დემბელეს, რომ დაეტოვებინა კლუბი, რადგან მან უარი თქვა ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც მოიცავდა ხელფასისს შემცირებას.