ავტორიზაცია

"სამწუხაროა, რომ ასე მოხდა" - კიტეიშვილს ნაოპერაციები შეუშუპდა

"სამწუხაროა, რომ ასე მოხდა" - კიტეიშვილს ნაოპერაციები შეუშუპდა
თარიღი 04 თებ 2022, 23:35

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს სექტემბერში მიღებული ტრავმის გამო 5 თვის გაცდენა მოუწია და მის დაბრუნებას თებერვლის დასაწყისში ველოდით, თუმცა ეს პროცესი გადაიდო.

ამის შესახებ გრაცის შტურმის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა ისაუბრა.

“კიტეიშვილს კოჭზე ძვლის ტვინის შეშუპება აქვს. გარკვეული დრო ისევ დასჭირდება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან ჩანს, რომ სეზონის განახლებისთვის მზად ვერ იქნება. ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაში ვართ, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ოთარი ჩვენი კლუბისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშე გუნდისათვის. მისი გამოჯანმრთელება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ, ვნახოთ რა გამოგვივა,” - ციტირებს შიკერის სიტყვებს laola.at.

ოთარ კიტეიშვილმა აქილევსის მყესის დაზიანება სექტემბერში, ევროპა ლიგის მატჩში პსვ-ს წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც ოპერაციაც დასჭირდა.