ავტორიზაცია

"რონალდუმ მთხოვა, რომ რუნისთან შერიგებაში დავხმარებოდი", - ფერდინანდი 2006 წლის ინციდენტზე

"რონალდუმ მთხოვა, რომ რუნისთან შერიგებაში დავხმარებოდი", - ფერდინანდი 2006 წლის ინციდენტზე
თარიღი 08 Feb 2022, 14:45

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ სთხოვა 2006 წელს კრიშტიანუ რონალდუმ უეინ რუნისთან შერიგებაში დახმარება.

ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებებს (0:0, 3:1 პენალტების სერიაში) შორის გამართული მატჩის დროს მოხდა.

რუნი მეორე ტაიმში მოედნიდან იმის გამო გააძევეს, რომ რიკარდუ კარვალიუს ფეხი დააბიჯა. რონალდუ რეფერის მოუწოდებდა ინგლისელი შემტევისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა, ვისთან ერთადაც იმ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.

რუნი თანაგუნდელის ასეთმა საქციელმა აღაშფოთა და პორტუგალიელს ხელი ჰკრა.

"რუნი მატჩის შემდეგ გასახდელში გააფთრებული იყო. როცა ავტობუსში ავდიოდით, კრიშტიანუმ დამიჭირა და მითხრა: "რი, შეგიძლია უეინს დაუძახო, მასთან ლაპარაკი მინდა, მინდა ვუთხრა, რომ მსგავსი არაფერი დამიგეგმავს. ჩემს საქციელში მტრობა და ბოროტება არ ყოფილა. ერთ გუნდში ვართ, ასე არასდროს მოვიქცეოდი, ჩემი მეგობარია".

"რუნისთან მივედი და ვუთხარი, რონალდუს შენთან ლაპარაკი უნდა-თქო. უეინი ავტობუსიდან ჩამოვიყვანე და რონალდუს შევახვედრე. ამის შემდეგ აღარაფერი მითქვამს. არ ვიცი, მე დავასრულე ეს ისტორია თუ თავად მათ, მაგრამ ისინი შევახვედრე", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail-ი.