ვლაჰოვიჩი სკანდალში გაეხვა, პროკურატურა გამოძიებას იწყებს — რას ედავებიან იუვენტუსის ახალწვეულს?
"იუვენტუსის" ახალწვეულს, დუშან ვლაჰოვიჩს ტოსკანის კორონავირუსული წესების დარღვევაში სდებენ ბრალს.
რეგიონის ჯანდაცვის სამსახურმა პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი.
როგორც იწერება, 22 წლის სერბის წინააღმდეგ გამოძიებას ჩაატარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სერბს 22 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. წესების მიხედვით, "ფიორენტინას" ყოფილი ფეხბურთელი 29 იანვრამდე კარანტინში უნდა დარჩენილიყო, თუმცა 28 იანვარს "იუვენტუსთან" კონტრაქტის გასაფორმებლად ტურინში გაემგზავრა.
მოგეხსენებათ, "ბებერმა ქალბატონმა" ვლაჰოვიჩი, რომელმაც სადებიუტო მატჩი უკვე ჩაატარა და გოლიც გაიტანა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ფიორენტინადან" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, საიდანაც 10 მილიონი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.