შემცვლელად პოჩეტინო მოიაზრება — რა შემთხვევაში შეიძლება გაათავისუფლოს რეალმა ანჩელოტი?
მადრიდის "რეალი" უკვე დიდი ხანია "პარი სენ ჟერმენის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მიმართ იჩენს ინტერესს.
როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Équipe იტყობინება, მადრიდულმა გრანდმა შესაძლოა 49 წლის არგენტინელი მიიწვიოს, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულში "პსჟ"-დან წავა.
თავის მხრივ, "სამეფო კლუბის" ბოსები პოჩეტინოს კონტრაქტს იმ შემთხვევაში შესთავაზებენ, თუ "ბლანკოსის" დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი ამ სეზონში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში "რეალმა" პოჩეტინოს ხელში ჩაგდება მინიმუმ სამჯერ სცადა. პირველად ეს 2017 წელს მოხდა. აგრეთვე, კლუბი მისდამი ინტერესს 2021 წლის იანვარში და გასულ ზაფხულსაც იჩენდა.
მადრიდული გრანდი ამჟამად ლა ლიგაში პირველ ადგილს იკავებს, ესპანეთის სუპერთასი მოიგო, კოპა დელ რეის გამოეთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალშია გასული, სადაც "პსჟ"-ს დაუპირისპირდება.