მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს — დეპაის სერიოზული მსურველი ჰყავს, თუმცა არსებობს ერთი დაბრკოლება
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ ზაფხულში შესაძლოა კატალონიური გრანდის რიგები დატოვოს.
როგორც Calciomercato იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ჰოლანდიელის გადაბირების შესაძლებლობას "ნაპოლი" განიხილავს.
იტალიური კლუბი გარემარბ ლორენცო ინსინიეს შემცვლელის ძიებაშია, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ MLS-ში გადადის.
მიუხედავად ამისა, "ნაპოლიში" დეპაის ტრანსფერს ხელს მისი ხელფასი უშლის და სწორედ ეს სახელდება მთავარ დაბრკოლებად.
მიმდინარე სეზონში 28 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც მიითვალა.