მილანმა იბრაჰიმოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. "როსონერი" მზადაა შვედს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. შეგახსენებთ, ოქტომბერში ის 41 წლის გახდება.
ზლატანს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს. ახლა ფორვარდი წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებს. ახალი კონტრაქტით მილანელები მზად არიან მას წელიწადში 3 მილიონი გადაუხადონ.
პრემიები დამოკიდებული იქნება ჩატარებული შეხვედრებისა და გატანილი გოლების რაოდენობაზე - თანხა შეიძლება გაიზარდოს 5 მილიონამდე, იტყობინება Sportmediaset-ი.
ზლატანი თავის მომავალს მარტის პლეი-ოფის შემდეგ გადაწყვეტს, სასწორზე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურია. მას სურს შვედეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.
იბრაჰიმოვიჩმა სერია ა-ში 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ის "მილანის" საუკეთესო ბომბარდირია ამ დროისთვის. ზლატანი ტრავმირებულია და მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.