ავტორიზაცია

პიოლი სერია ა-ს ბოლოადგილოსანთან ქულების დაკარგვაზე: "მილანმა ცუდად ითამაშა, იმედგაცრუებულები ვართ"

პიოლი სერია ა-ს ბოლოადგილოსანთან ქულების დაკარგვაზე: "მილანმა ცუდად ითამაშა, იმედგაცრუებულები ვართ"
თარიღი 20 თებ 2022, 12:53

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით "სალერნიტანასთან" (2:2) გამართულ მატჩში ქულების დაკარგვით იმედგაცრუებულია.

"ტექნიკისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, გუნდმა ცუდად ითამაშა. არააკურატულ გადაცემებს ვაკეთებდით, არასაკმარისად ვიყენებდით სივრცეებს და უბრალო შეცდომები ძვირად დაგვიჯდა".

"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, უკეთესად შეგვეძლო გვეთამაშა. ის ფაქტია შემაწუხებელი, რომ კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორებიც ბოლო პერიოდში არ გვქონია".

"კარგია, რომ ფრე დავაფიქსირეთ, მაგრამ მოგებისთვის ჩამოვედით და ამის უარყოფა არ შეიძლება. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და მომდევნო ჯერზე უკეთესად ვიმოქმედოთ", - ციტირებს "მილანის" მწვრთნელის სიტყვებს Football Italia.

ამ დროისთვის, "როსონერი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 56 ქულით პირველ ადგილს იკავებს, თუმცა უახლოეს მდევარ "ინტერს", რომლის აქტივშიც 54 ქულაა, ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.